ჩვენ შესახებ

კავკასიის ველო ქსელი შექმნილია ველომოყვარულების მიერ.

ჩვენს მიზანს წარმოადგენს კავკასიის რეგიონში ველოკულტურის განვითარება.

ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს/ღონისძიებას, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სათავგადასავლო და სპორტული მიმართულებით.

2019 წლიდან ვმართავთ არაკომერციულ ველოტურებს, შეხვედრებს, მსვლელობებს, ჩავატარეთ XC შეჯიბრი. შემოგვიერთდით__ https://bit.ly/3qmETsy ; https://bit.ly/3d7bUp4

კავკასიის ველო ქსელის წარმომადგენლები

მე, მარ მიხელიძე, “კავკასიის ველო ქსელის” ერთ-ერთი დამაარსებელი ვარ.
ფსიქოლოგიის ბაკალავრი, ფსიქოდიაგნოსტიკის მაგისტრანტი.
ის, რისთვისაც ამ გუნდთან ერთად ვმუშაობ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ჩვენს რეგიონში ველოს შესახებ ცნობიერება ამაღლდეს, განვითარდეს სხვადასხვა მიმართულებით.
ყველას, ვისთვისაც საჭირო გახდება კონსულტაცია, ჩვენი პლატფორმა დაეხმარება, რომელიც ათასობით ადამიანის გამოცდილებაზეა დაფუძნებული.
მე ვარ ირაკლი დოლიძე 37 წლის, პროფესიით იურისტი. ველოსიპედი დაახლოებით 4 წლის წინ შევიძინე გართობის მიზნით და ვერ წარმომედგინა ლისის ტბას თუ გავცდებოდი ოდესმე. ბოლო 3 წელია რაც სატრანსპორტო საშუალებად ვიყენებ. პანდემიამდე სამსახურში სასიარულოდ ძალიან მოსახერხებელი აღმოჩნდა ჩემთვის, ისევე როგორც მილიონობით ადამიანისთვის მსოფლიოში.. 4 წლის წინ მხოლოდ ლისის და კუს ტბების მიმდებარედ თუ ვფიქრობდი ველოთი სეირნობას, დღეისთვის უკვე მოვინახულე შემდეგი ტბები: ჭილის, ჭინჭაოს, ქულბაქის, ქორულდის, ნადარბაზევის და სხვა ❤ ველოსიპედმა შემძინა უამრავი საინტერესო მეგობარი, რაც მათთან ერთად ველო მოგზაურობას დაუვიწყარს ხდის…
ირაკლი ქსოვრელი – ინჟინერი, მექანიკოსი, კავკასიის ველო ქსელის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ჩემთვის ველოსიპედი ქალაქში გადაადგილების უსწრაფესი საშუალებაა. სულ რაღაც 15 წლის ვიყავი როდესაც დავჯექი ველოსიპედზე, მალევე გავიცანი ძალიან კარგი და მეგობრული ველოსაზოგადოება და სამყაროს სულ სხვა თვალით შევხედე. დავიწყე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და მალევე მივხვდი რომ ეს იქნებოდა ჩემი ერთადერთი ტრანსპორტი. ველოსიპედმა მომცა საშუალება მემოგზაურა და დამეგროვებინა უამრავი თავგადასავალი. ჩემი ველოსიპედი მეტია ვიდრე უბრალოდ ტრანსპოტი, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია.

ვერიკო ბაზალი იურისტი. ველოსიპედის სიყვარული ბავშვობიდანვე დაიწყო, როცა მისი მართვა და მასზე ზრუნვა მანიჭებდა არამარტო სიამოვნებისა და თავისუფლების შეგრძნებას, არამედ მმატებდა თავდაჯერებულობას.
ორი წელია, რაც ველოსიპედი ჩემი ყოველდღიური მეგზური გახდა და იმ დღიდან, შეიცვალა ჩემი ცხოვრება. გავიცანი მნიშვნელოვანი ადამიანები, დავაგროვე უამრავი თავგადასავალი, ის არამარტო გადაადგილების, არამედ მოგზაურობის საუკეთესო საშუალება გახდა. ცხოვრებამ შეიძინა დამატებით სხვა მნიშვნელობა, რომელიც ველოსიპედის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა 💙
ლექსო მაჭარაშვილი – ტურიზმის ადმინისტრირების სპეციალისტი, ველოგიდი. 2012 წლიდან დღემდე ველოსიპედი ჩემთვის არის გადაადგილების უმთავრესი საშუალება. ჩემთვის, ველოსიპედს უკავშირდება სასარგებლო გამოცდილება, უამრავი დადებითი ემოცია და სასიამოვნო მოგონებები. მოხარული ვარ, ჩემი თითქმის ათწლიანი გამოცდილება გავუზიარო და მოვახმარო ველოკულტურის განვითარებას, როგორც საქართველოში, ასევე მთელ კავკასიაში.

გიორგი მაღრაძე, ველომექანიკოსი. ველოტურის გიდი. ჯერ ჰობად და შემდეგ ცხოვრების ნაწილად ველოსიპედი 2009 წლიდან დავიმეგობრე. ველოსიპედმა ბევრი მეგობარი შემძინა, ამასთან ერთად ცხოვრების სირთულეების დაძლევა და მისით სიამოვნების მიღების საშუალება მომცა. მსურს ჩემი ენთუზიაზმი და უნარები ველოკულტურის განვითარებას დავუთმო.
მარიამ ცუცქირიძე, ციფრული მარკეტერი, კავკასიის ველო ქსელის წარმომადგენელი.
ჩემთვის ველოსიპედი ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს: ქალაქში გადაადგილების ენერგიულ და მარტივ შესაძლებლობას, მოგზაურობას, თავგადასავლებს, საკუთარი შესაძლებლობების გაგების საშულებას. უკვე 2 წელია რაც ველომოყვარული გავხდი, გავიცანი ძალიან ბევრი მოტივატორი ადამიანი და ძალიან მიხარია, რომ ზოგიერთ მათგანთან ერთად კავკასიის ველო ქსელს ვქმნი. ველოსიპედი არის ბედნიერების მიღწევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება და ყველას ვურჩევდი რომ არ დაკარგოს ეს შანსი და გახდეს ველომოყვარული.
ნიკოლოზ კურდღელაშვილი, ველოსიპედის მექანიკოსი, გიდი, ვიდეოგრაფი, კავკასიის ველო ქსელის წარმომადგენელი.
ველოსიპედი ჩემთვის გადაადგილების საშუალებაა, შენ არ ხარჯავ სამყაროს რესურსებს, გარდა იმისა რაც საარსებოდ გჭირდება და ქალაქის გადატვირთულ მოძრაობაში შეგიძლია A – დან B პუნქტამდე თითქმის ყველა ტრანსპორტზე უფრო სწრაფად მიხვიდე. ქალაქში სიარული 6 წლის წინ დავიწყე, ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელი იყო ყოველდღიური საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოდინი და მათზე დამოკიდებულება, ამიტომ ვიპოვე ჩემებური გამოსავალი, გადავჯექი ორ ბორბალზე და აღარ ჩამოვსულვარ იქიდან). ჩემსა და ველოსიპედის ასეთ მჭიდრო ურთიერთობაში დიდი წვლილი შეიტანა ველოსაზოგადოებამ და ველოშეკრებებმა. გავიცანი ბევრი ველომოყვარული, ვისთან ერთადაც შემოვიარე საქართველოს მრავალი მიუვალი ადგილი.
გიორგი გიორგაძე ფიზიკოსი,გიდი,კურიერი,კავკასიის ველო ქსელის წარმომადგენელი:
ველოსიპედი ბავშვობიდანვე მომწონდა, თუმცა 6 წლის წინ ძალიან უეცრად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. იმ დღიდან გავხდი საქართველოს ველოკულტურის ნაწილი და ვიყენებ, როგორც სატრანსპორტო საშუალებად, ასევე გართობის და დასვენების მიზნითაც ძალიან მიყვარს ველოსიპედით მოგზაურობა და ამას ჩემს არაჩვეულებრივ მეგობრებთან ერთად ვაკეთებ. ველოსიპედმა მომცა საშუალება ჩემი ქვეყნის სილამაზე სხვა მხრიდან დამენახა და შემეცნო იგი.
ელენი ლალიაშვილი, ფსიქოლოგი, კავკასიის ველო ქსელის წარმომადგენელი:
ქალაქში ველოსიპედით სამი წელია გადავაადგილდები. ჩემ ირგვლივ ბევრს ვერც წარმოუდგენია ამ ეკოტრანსპორტის გამოყენება, რადგან ბევრ მცდარ აზრთანაა დაკავშირებული. მინდა,რომ თბილისი ველომოყვარულებისთვის უსაფრთხო ადგილი გახდეს და მოსახლეობა მას არამარტო რეკრეაციული მიზნით, არამედ ყოველდღიურ ტრანსპორტადაც იყენებდეს.