‘Kill Rock ‘n Roll’

ანუ, 5 დღე სომხეთში:

  1. 29.12.2021 – თბილისი -ვანაძორი – 163 კმ
  2. 30.12.2021 – ვანაძორი – ერევანი – 110 კმ
  3. 31.12.2021 – სეირნობანი ერევანში
  4. 01.01.2022 – ერევანი – სევანი – 65 კმ
  5. 02.01.2022 – სევანი – თბილისი – 237 კმ
Tsilkar

დიდხანს ვფიქრობდი, როგორ მემოგზაურა სომხეთში Serj Tankian – თან ერთად, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი მუსიკოსია.

საახალწლოდ გამომიჩნდა დრო, სასწრაფოდ მოვამზადე ველო, – მექანიკოსებთან სტუმრობა ბევრი მოულოდნელი, უსიამოვნო სურპრიზებისგან გვიცავს.

მოგზაურობისთვის მომზადება ჩემთვის უსაყვარლესი რიტუალია და დიდ დროს ვუთმობ – მარშრუტის შედგენა, დასარჩენი ადგილების განსაზღვრა, მოსანახულებელი ობიექტების აღნიშვნა, უსაფრთხოების ზომების მიღება, მედიკამენტების მომარაგება და ა.შ.

მოუთმენლად ველოდი, როდის გამოვცდიდი თავს ახალ გზაზე და ეს დღეც დადგა:

29 დეკემბერს, დილით, ადრე გავედი, მინდოდა, ახალ წელს უკვე ერევანში შევხვედროდი.

სადახლოს სასაზღვრო პუნქტი

ქართველებისთვის ვიზა არაა საჭირო, მხოლოდ ვაქცინაციის საბუთი, თუმცა, 2020ში აზერბაიჯანში სტუმრობის გამო, მაინც ვღელავდი, გადამიშვებდნენ თუ არა საზღვარზე.

მღელვარება ამაო აღმოჩნდა, თავისუფლად გადავკვეთე სადახლოს სასაზღვრო პუნქტი და გავუდექი გზას ვანაძორისკენ, რომელიც თბილისიდან 163 კმ – შია. საზღვრიდან, დაკლაკნილი ხეობით მიუყვები ვიწრო გზას, სანამ უცნაური ფორმებით და ნაგებობებით სავსე Alaverdi – სთან მიხვალ.

სასაზღვრო პუნქტი, სადახლო – ზღვის დონიდან 500 მეტრზეა, ვანაძორი – 1350 მეტრზე, ანუ, მიდიხარ მაღლა და მაღლა…

Vanadzor

სადაც დავრჩი, ჰოსტელის მასპინძლები, ვისაც გზაში ვესაუბრე, საიდანაც პროდუქტი ვიყიდე სავახშმოდ – ყველა გასაოცრად ტკბილი აღმოჩნდა მის მიმართ, ვინც თბილისიდან მოდის.

მეორე დღეს ადრიანად გავედი, რვა სთ ხდებოდა. ციოდა, ჯერ კიდევ, -4°C იყო.

ვიცოდი, წინ ბევრი აღმართი და Tsilkar – ის შემდეგ, ბევრი დაღმართი მელოდა. მაგრამ, ვერ წარმოვიდგენდი, როგორია სომხეთის დათოვლილი მთები 2165 მეტრზე, უსაზღვრო, გაშლილი სივრცე, მზეზე ყინულით აბრჭყვიალებული …

ამ კადრის მერე, რაც ნახეთ, დაიწყო დაუსრულებელი დაღმართი და კიდურების “უკანმოუხედავი” გაყინვა. საბედნიეროდ, კანკალატანილი, ალლამ, იეზიდმა გოგომ შემიპატიჟა, ღუმელთან გამალღო, ცხელი ჩაით და თავისი ამბებით გამიმასპინძლდა. ამ პატარა სახლუკას სითბო მთელი გზა გამყვა – ასე ჩავედი ერევნამდე.

თან, საგზლად, მოხარშული კვერცხი დამაქვს ხოლმე და პირველად ვნახე, ამ დღეს, როგორ გაიყინა და პატარა კრისტალებით იყო სავსე, იხტიბარი არ გავიტეხე, ჩავკბიჩე და ხრაშუნებდა, როგორც ყინული.

Yerevan

ერევანში ფეხით ვისეირნე, 13 კმზე მეტი – ვნახე Bike Sharing ველოები, ორი ტიპისაა თურმე და მწვანე სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით.

რაც შეეხება ველო გზებს – არ აქვთ, თუმცა, გადაადგილება სირთულეს არ წარმოადგენს ბევრი შუქნიშნის, ფართო ქუჩების და ზებრა გადასასვლელების გამო.

შემხვდა ძალიან ბევრი ველო – კურიერი, სხვადასხვა ფერის ზურგჩანთით.

კიდევ – ველომოყვარულები გავიცანი, მომინდა, სომხური მცოდნოდა და ბევრი, ბევრი მესაუბრა მათთან.

ველომოყვარულები ერევნიდან

31-ში, საღამოს, ერევნელმა ტანგო მეგობრებმა დამპატიჟეს საახალწლო შეკრებაზე და საოცარი სტუმარმასპინძლობის მომსწრე გავხდი.

პირველ იანვარს გვიან გავუდექი გზას სევანისკენ – კომფორტული გზაა ზამთრისთვის, აღმართს დაღმართი მოყვება, მერე ისევ – თან სწრაფად მიდიხარ, თან – გზადაგზა თბები.

თოვდა, მაგრამ მზეც ანათებდა: სანამ სევანის სუსხიანი ქარი ლოყებს დამიწვავდა, მშვიდად ვიყავი. ჯერ კიდევ არ იყო დაბნელებული, როცა გაყინულ ქუჩებში შევგორდით მე და ჩემი ველო. მაგრამ, ტემპერატურა ძალიან სწრაფად შეიცვალა მზის სხივების გაქრობისთანავე. Google Map – ზე ბევრი სასტუმრო ჩანდა, რომელსაც Open ეწერა. ვცადე დაჯავშნა (თან ვიყინები უკვე) – ერთი დაკეტილი აღმოჩნდა, მეორე, მესამე… უკვე პანიკამ მომიცვა, აფთიაქში შევედი, რომ ეს პროცესი მეტად გასაძლები ყოფილიყო – ჩემდა გასახარად, სასტუმრო “სევანო” ზამთარშიც იღებს სტუმრებს. სულ 600 მეტრში იყო ჩემი “თავშესაფარ-აფთიაქიდან”, მაგრამ სანამ მივედი, მოვასწარი სრულად მიყინვა – ქუჩა მოყინული, გზის კიდეზე თოვლი, თითქმის მუხლამდე. ბნელოდა, მთავარი შესასვლელი ვერც დავინახე, ღობეზე გადავძვერით მე და ჩემი ველო (ვიდეოში ისმის სასოწარკვეთილი ხმა).

“სევანოს” მასპინძლები – ვანო და მისი ცოლი, თბილისურ თავგადასავლებს მიყვებოდნენ, სანამ ჩემს ტერფებს და თითებს მოძრაობის უნარი დაუბრუნდებოდათ.

იმ ღამით -8°C იყო სევანზე, FeelsLike -12°C ეწერა აპლიკაციაში.

Sevan Lake

დილით, ვიფიქრე, ვანაძორამდე მივიდოდი – მოყინული გზის გამო მეგონა, მეტს ვერ ვივლიდი. ვანაძორში ვიფიქრე, რომ ალავერდამდეც ჩავაღწევდი დაღამებამდე, ალავერდში – საზღვრამდე მოსვლის სურვილი გამიჩნდა და სადახლოდან უკვე, მეთქი, სულ რაღაც 70 კმ დამრჩა თბილისამდე – ასე ვიარე 237 კმ მეხუთე დღეს.

ყველაზე საშიშ მონაკვეთად დავასახელებ მარნეული – ქვემო თელეთის გზას – ვიწროა და მძღოლები, ღერძულა ხაზის მიუხედავად, ერთმანეთს საავარიო სიტუაციის შექმნის ხარჯზე ასწრებენ. ბევრჯერ მომიწია გზიდან გადასვლა და ველოდან ჩამოხტომა, რომ თავი ამერიდებინა ხიფათისთვის.

რაც შეეხება სომხეთს – კიდევ წავალ, აუცილებლად. და თქვენც გირჩევთ!

უფრო ცოცხლად, ეს ისტორია, ამ ვიდეოებშია, გზადაგზა რომ ვიღებდი. წინა კამერა აუცილებლად უნდა ვიქონიო შემდეგი მოგზაურობისას, დაღმართის ბევრი შესანიშნავი კადრი გამოვტოვე:

Marma in Yerevan

მარ მიხელიძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s