
ზურა ქოროღლიშვილის ველოისტორია. (მისი FB გვერდი https://www.facebook.com/mobilisinmobilige/)
ველოსიპედს ტრანსპორტად ვიყენებ მეექვსე წელია; მცირეწლოვან შვილებს ველოსიპედები რომ ვუყიდე, ჩემთვისაც ვიყიდე ფეხით რომ არ მედევნა ქუჩაში. 😊 მთელი ბავშვობა ველოსიპედზე მაქვს გატარებული და რადგან მომიწია შეძენა, ტრანსპორტად გამოყენებაზე ბევრი არღარც მიფიქრია – სიამოვნების და ჯანმრთელობისთვის სარგებლის გარდა, მანქანისგან განსხვავებით არც სადგომის ძებნა დამჭირდებოდა, არც საცობებში მომიწევდა დროის კარგვა;
ქალაქში ველოსიპედით გადაადგილებისას ყველაზე საგულისხმო დაბრკოლება არის ველოსიპედის დაუცველობა ქურდობისგან. ველოსიპედებს ძირითადად ხელშეუხებლობით გათამამებული არასრულწლოვნები იპარავენ. ამიტომაც ველოსიპედის ქურდობა ყველაზე გავრცელებული დანაშაულია თბილისში. მოძებნის შანსებიც თითქმის ნულია საგამოძებო სისტემის უუნარობის გამო. შედეგად ველოსიპედს ტრანსპორტად ვიყენებ მხოლოდ მაშინ, როცა დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებ თან მყავდეს ყველგან, სადაც ვიქნები (ოფისში, ბინაში, სტუმრად და ა.შ.);
ქალაქში ველოინფრასტრუქტურის განვითარების მცდელობა არის მომავალი თაობებისთვის დღეს გადადგმულ ნაბიჯებს შორის ყველაზე სასარგებლო ნაბიჯი, რაც კი გადადგმულა სხვადასხვა ხელისუფლებების მიერ. არსებული ხარვეზები ინფრასტრუქტურაშიც და კანონშიც იოლად გამოსწორებადია. მთავარია ნება გაჩნდა და სურვილს კონკრეტული ნაბიჯებიც მოჰყვება. თბილისის ველომეგობრულ ქალაქად გადაქცევა რთული ნამდვილად არ არის. თბილისი მცირე ტერიტორიაზეა გაშლილი, გარეუბნიდან ცენტრამდე, ან ცენტრიდან გარეუბნამდე მაქსიმუმ 20 კილომეტრი მანძილია. უმეტესობას კი ყოველდღიური სამოძრაო მანძილი 5-7 კილომეტრი აქვს. რელიეფიც სრულიად მისაღებია ველოსიპედით ყოველდღიური გადაადგილებისთვის, კლიმატიც ზომიერი და ნაკლებნალექიანი;
უსაფრთხოდ მოძრაობისთვის ვიცავ (ხანდახან პირიქით – ვარღვევ უსაფრთხოდ მოძრაობისთვისვე) მოძრაობის წესებს, ვიყენებ სპეციალურ მოციმციმე განათებას დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, მიყენია უკანა ხედვის სარკეები და მოხვევის მანიშნებლები;
მათ, ვინც ყოყმანობს ქალაქში ველოსიპედით გადაადგილებაზე, ვურჩევდი ისწავლონ მოძრაობის წესები, გაერკვნენ რა არის საჭირო ველოსიპედით უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის; გაბედონ ქუჩაში ველოსიპედით გამოსვლა და რამდენიმე თვეში თავად გაუკვირდებათ როგორი სასიკეთო ცვლილებები მოხდება მათ პიროვნულ და საქმიან უნარებში.